среда, 5 июня 2019 г.

ცხოველები და ფრინველები "ვეფხისტყაოსანში"

მუსიკალური საკრავები

მზის სისტემა

пятница, 31 мая 2019 г.

გამონათქვამები ვეფხისტყაოსანზე

                                        ჩემი რუსთაველი
არაფერი ისე არ ამახსოვრდება ადამიანს, როგორც ბავშვობისას ძილისპირს დედის მიერ თქმული ზღაპარი, იავნანა, წაკითხული ლექსი, ან ამბავი რამე.
მე არ მახსოვს, რამდენი წლისას მიკითხავდა დედა ,,ვეფხისტყაოსანს’’, ან ოდესმე ეთქვას ჩემთვის, ეს ადგილი ზეპირად ისწავლეო. მე მახსოვს მხოლოდ ის, რომ მაშინ კითხვა არ ვიცოდი და ეს უზარმაზარი წიგნი, ,,ვეფხისტყაოსანი’’ რომ ერქვა, მხოლოდ ლამაზი, ფერად – ფერადი სურათებით გაწყობილი ყუთი იყო ჩემთვის, რომლიდანაც დედაჩემი ცისარტყელასავით ჭრელ, ლამაზ სიზმრებსა და ძილისმომგვრელ სიმღერებს ალაგებდა, მიწყობდა სასთუმალს და ალბათ ისევ დედის გამოა, რომ ეს ლამაზი უკვდავი წიგნი დღემდე მიდევს სასთუმალს, როგორც:
ავადმყოფს _ წამალი,
ხეიბარს _ ყავარჯენი,
მეომარს _ იარაღი და მწერალს ქართული სიტყვის თვალმარგალიტით სავსე, აუწონელი საუნჯე და სალარო.
მე ახლაც მიკვირს წერა – კითხვის უცოდინარმა ბავშვმა როგორ ვისწავლე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ზეპირად:
`აწ საყვარელსა მიუწერს გულ-ამოსკვნილი, მტირალი,
მისმანვე ცრემლმა დაუვსის, ვის ედებოდეს ვის, ალი.
დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი,
ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროილ გამომჭვირვალოი.
ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები,
ტანი კალმად მაქვს, კალამი _ ნაღველსა ამონაწები,
მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები;
გულო, შავ – გულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!~
აღარაფერს ვამბობ ,,ავთანდილის ანდერძზე’’, რომელიც საერთოდ ჩემს მიერ ქვეყნად რომელიმე ლექსის შექების უნარის მიღმა დგას.
ცნობილია, რაბინდრანატ თაგორის ლექსებს ბენგალიელი წერა – კითხვის უცოდინარი მეთევზეებიც კი მღერიან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას მათი შინაარსი არ ესმის, მაგრამ იმდენი ღვთიური, ზეციური მუსიკაა შიგ ჩაქსოვილი, იმდენი სითბო და ისეთი სულშიჩამწვდომი იდუმალება, და ყოველივე ამასთან ერთად ისეთი გასაოცარი უბრალოება, რომ ლექსი თავისთავად მღერის და ვისაც უსაუბრია ამ ბენგალიელ მეთევზეებთან, ამბობენ, რომ მეთევზეები ირწმუნებიან, ყველაფერი გვესმის, ყველაფერს ვგრძნობთ, განვიცდით, ოღონდ ვერ ვამბობთო, და მე მჯერა მათი…
აბა ნახეთ, განა შეიძლება ქვეყნად იყოს რამე ამაზე გასაგები, ამაზე უბრალო, ამაზე სადა, ლამაზი და გენიალური?!
`იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ – მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი, კვლა მოუბარი წყლიანი.~
ასე უმარტივესი, უბრალო და განსაცვიფრებლად სადა აკორდებით იწყება ბეთჰოვენის ,,მთვარის სონატაც’’ და ,,აპასიონატაც’’, რასაც შემდეგ მოსდევს აბობოქრებული, ყოვლის უზენაესი, სულისა და გულის დამდუღებელი და წამლეკავი ოკეანის მოვარდნა და მოქცევა…
ერთი რამ არის ფრიად საგულისხმო: ძველი ქართულის არასპეციალისტთათვის, ისევე უბრალო მოკვდავთათვის, როგორიც მე ვარ და მრავალი ქართველია, არათუ მეთორმეტე – მეცამეტე საუკუნის ქართული ენა, არამედ გაცილებით უფრო გვიანდელიც კი თითქმის გაუგებარია ლექსიკონის გარეშე. მაშ, რაღაშია საქმე, რატომ არის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ასე გასაგები ყველა ქართველისათვის, დაწყებული გუთნისდედიდან, ან თუში მწყემსიდან, ვიდრე ატომური რეაქტორის მაღალკვალიფიციური ინჟინრისთვის?
საქმე ისაა, რომ ალბათ რუსთაველი იყო პირველი ქართველი მწერალი, რომელიც მიხვდა, რომ მხოლოდ ხალხს შეუძლია მისცეს უკვდავება ლიტერატურულ ქმნილებას, რომ ხელოვნება მხოლოდ ხალხის საკუთრებაა, რომ მხოლოდ ხალხია განმსჯელი ლიტერატურული ქმნილების ავკარგიანობისა და მხოლოდ ხალხს შეუძლია შეუნახოს შთამომავლობას სიტყვა წინაპრისა.
და მან პირველმა მწერალთა, პოეტთა, მოშაირეთა შორის საქართველოში დაწერა თავისი გენიალური ქმნილება ხალხის ენაზე, საერო ენაზე, და სასწორზე დადო საკუთარი ლიტერატურული კარიერაც, კეთილდღეობაცა და შემოქმედებაც.
და თუ თვალს გადავავლებთ საუკუნეების მანძილზე ,,ვეფხისტყაოსნის’’ გარშემო შექმნილ პოლემიკას და ნრძოლას მის წინააღმდეგ, ერთ – ერთი მთავარი ბრალდება რუსთაველის მიმართ სწორედ ის გახლავთ, რომ მისი ნაწარმოები საეროა და არა სასულიერო, არა მხოლოდ სამეფო სასახლის, ეთიკეტის, ტრადიციის ენაზე დაწერილი. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, თუ რატომ იქნა უარყოფილი თავის დროზე ,,ვეფხისტყაოსანი’’. განა ამის გამო არ უარყო, თავის დროზე კონსერვატულმა ინგლისმა, კაცობრიობის სიამაყე შექსპირი, რომელმაც ლიტერატურაში ხალხის, დემოსის, ,,ბაზრული’’ სალაპარაკო ენა შემოიტანა?! და საყოველთაო საკუთრებად, ხალხის საკუთრებად აქცია თავისი გენიალური ქმნილებანი?!
აქ ორმხრივ ურთიერთგამდიდრებასა, გადარჩენასა და გაუკვდავებასთან გვაქვს საქმე. ისე, როგორც რუსთაველმა და შექსპირმა უკვდავყვეს თავიანთი ენა და ხალხი, ისე უკვდავყო ხალხმა და ენამ მათი სახელები. განა ასე არ მოიქცა ქართველ განმანათლებელთა ჯგუფი ილიას, აკაკის, გოგებაშვილის, ვაჟას და სხვათა სახით, რომლებაც არც მეტი, არც ნაკლები გადაგვარებას გადაარჩინეს ქართველი ერი და ენა მისი იხსნეს იმ კონსერვატიზმისაგან, რომელიც ელის ყველა ერის ენას, რომელიც ცდილობს ხელოვნურად შეაფერხოს ის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც თან სდევს კაცობრიობის განვითარებას, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ერის თანამშრომლობასა და ურთიერთობას…
ერთ – ერთ შეხვედრაზე, რომელიც ამას წინათ მოსკოვში ჩატარდა, ასეთი შეკითხვა მომცეს:
როგორია როლი ,,ვეფხისტყაოსნისა’’ თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებასა და საერთოდ საქართველოს სულიერ ცხოვრებაში?
აწარმოების შეფასებას, რომელიც აგერ რვა საუკუნის მანძილზე აძლევს სულიერ საზრდოს საქართველოს, და ვინ იცის, კვლავ რამდენ საუკუნეს იქნება იგი ჩემი ერის სულიერი საუნჯე, ამის ახსნას, არა მგონია, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის დრო ეყოს, და მარტო ეს დრო კი არა, მთელი ჩემი სიცოცხლეც კი. და თუ თქვენ მე გიყვარვართ, თუ გჯერათ ჩემი, და თუ მთვლით მწერლად, რომლის სიტყვას რაიმე ფასი აქვს თქვენთვის, თქვენ პატიოსან სიტყვაზე უნდა მენდოთ, და უნდა დამიჯეროთ, რომ მსგავსი რამ კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია. ეს არის მზე რომელიც ჯერჯერობით, საუბედუროდ, საქართველოს ცაზე ბრუნავს მხოლოდ.
და მე გულწრფელად მეცოდება და უბედურად მიმაჩნია ის კაცი, რომელსაც ქართულად არ წაუკითხავს ,,ვეფხისტყაოსანი’’, ისევე, როგორც თქვენ, და მეც, რა თქმა უნდა, გვეცოდება და უბედურად მიგვაჩნია ის კაცი, რომელსაც პუშკინი არ წაუკითხავს რუსულად. _ ასე ვუპასუხე და მომეჩვენა, რომ მათ დამიჯერეს..
კიდევ ერთი თვისების გამო უყვარს ხალხს ,,ვეფხისტყაოსანი’’. თუ ,,ვეფხისტყაოსანი’’ არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ.
…კაცობრიობის გაჩენის დღიდან არც ღმერთისთვის, არც სიყვარულისთვის, არც მეგობრობისთვის, არც ვაჟკაცობისთვის, არც ქალისთვის, არც კაცისთვის, არც მზისთვის, არც ცისთვის, არც დედამიწისთვის ასეთი დიდებული ჰიმნი ჯერ არავის არ უმღერია!
                                                                            ნოდარ დუმბაძე

აფორიზმები

                 
  • ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.
  • ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს.
  • არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.
  • არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
  • არ შეუდრკების ვაჟკაცი კარგი მახვილთა კვეთასა.
  • ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია.
  • ბინდის გვარია სოფელი, ესე თუნდ ამად ბინდდების,
    კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების!
  • ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!
  • გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
  • განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმნელი არ იქმნების.
  • გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
  • გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის.
  • დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
  • დგომა მგზავრისა ცთომაა.
  • ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა.
    ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
    სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
    მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.
  • ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა,
    დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა,
    შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა,
    კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.
  • ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
    დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
    უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
    უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
  • ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
    მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტი და ძალგულოვანი;
    ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
    სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი!
  • ვგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
  • ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.
  • ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.
  • თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.
  • თქმულა: „სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა!“
  • თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.
  • თუ ყვავი ვარდსა იშოვნის, თავი ბულბული ჰგონია.
  • იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია!
  • კარგი რამ მჭირდეს, გიკვიდრეს, კარგი რა საკვირველია!
  • კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.
  • კაცსა ღმერთი არ გასწირავს სოფლისაგან განაწირსა!
  • კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.
  • ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია.
  • მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.
  • მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია,
    არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია.
  • მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები!
  • მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.
  • მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!
  • მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად.
  • მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს.
  • მაგრა თქმულა: „კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების“.
  • მართლად იტყვის მოციქული: „შიში შეიქმს სიყვარულსა“.
  • ნახეთ, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!
  • ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი.
  • ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად.
  • რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!
  • რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
  • რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
  • რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?
  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
  • რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,
    იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა.
  • სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა გონიერსა,
    რა მისჭირდეს, მაშინ უნდა გონებანი გონიერსა!
  • სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერე სულსა.
  • სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად.
  • სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა.
  • სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა.
  • სხვა სხვისა ომსა ბრძენია.
  • უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
  • უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან.
  • ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.
  • ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
  • ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია.
  • ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
    თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
  • ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადა.
  • ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
    გულის მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.
  • ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
  •     

    შოთა რუსთაველის ბიოგრაფია

    ნახატის ავტორი - ლადო გუდიაშვილი

    შოთა რუსთაველირუსთველი (*დაახ. 1160/65 – ? ) — XII საუკუნის დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.
    წარმომავლობა


    შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერში
    შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
    რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი („დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი“, „მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი“), ეპილოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავს რუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა შესახებ ამბობს: „ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო“) და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი „შოთაჲსა ჲ“, რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.

    ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტი
    სავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვეზირითამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც ჩანს, მას ევალებოდა ქართულ საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიწურულს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველს, როგორც ვეზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების შემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობაზე. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
    პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
    1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძეგ. წერეთელია. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
    არის კიდევ ერთი ვერსია პოეტის წარმომავლობის შესახებ, რომელიც პავლე ინგოროყვამ გამოთქვა თავის მონოგრაფიაში „რუსთაველიანა“. მისი მიხედვით, შოთა რუსთაველი ეკუთვნოდა უმაღლესი არისტოკრატიის წრეს. ეს დასტურდება პოემის შინაარსით. მას კარგად ესმოდა სამხედრო საქმე და მისი ისეთი ნიუანსები, რომელთაც მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი სარდალი თუ ფლობდა. ასევე ქვეყნის მართვისა და გამგეობის, სამეფო კარის ინტრიგების, ნადირობისა და ზეპური საზოგადოების გართობის სხვა სახეობათა ზედმიწევნით კარგი ცოდნა მეტყველებს, რომ შოთა რუსთაველი თავის ნაწარმოებში ბევრ შემთხვევაში ისტორიულ სინამდვილეს გადმოგვცემს. ასეთი დიდგვაროვანი და მაღალი ფეოდალი სახელით შოთა მისი თანამედროვე ეპოქის ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული და მისი გვარის გენეოლოგია მეტნაკლებად ცნობილი უნდა იყოს.
    აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პოეტის პიროვნება იყოს შოთა გრიგოლის ძე ჰერეთის ერისთავი, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული შოთა კუპარად. მას ჟამთააღმწერელი დადებითად არ ახასიათებს, თუმცა არც იმას უარყოფს, რომ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და იმდროინდელ ყველა მნიშვნელოვან აქციაში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის კოხტათავის შეთქმულებაში.

    განათლება
    შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში, შემდეგ – ბიზანტიაში; შეისწავლა ბერძნულიარაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლესჰერაკლიტესპლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსიგურგანინიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.

    მემკვიდრეობა
    საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.










    სტატიის წყარო: ka.wikipedia.org

    "ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ცნობილი ილუსტრაციები



       რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართული ნაწარმოებია და ის არაერთ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის, მოიპოვება "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი ინგლისურ, არაბულ, რუსულ, კორეულ, უნგრულ, ფრანგულ, უკრაინულ, ბელორუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და სხვა ენებზე. 


    საქართველოში პირველი ნაბეჭდი "ვეფხისტყაოსანი" 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ თბილისში, მტკვრის სანაპიროზე დაარსებულ სტამბაში მხედრული შრიფტით გამოიცა. 



    პოემა გამოირჩევა ცნობილი მხატვრების მიერ შესრულებული ილუსტრაციებითაც. პოემის უძველესი სრული ხელნაწერი ეკუთვნის მამუკა თავაქალაშვილს და 1646 წლით თარიღდება. ერთ-ერთი პირველი ილუსტრაციის ავტორიც ისაა. 



    უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი (1827-1906) ცნობილ ტილოებთან ერთად ასურათებდა წიგნებს. 1881წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და ინტელიგენციის თხოვნით დაიწყო "ვეფხიტყაოსნის" ილუსტრაციებზე მუშაობა. შეუკვეთეს 14 სურათი, მან შექმნა 34. გამოცემისთვის შეირჩა 27. 

    პოემისთვის ილუსტრაციები შეადგინა ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმაც. მან ილუსტრაციები შეასრულა 1963 წელს გამოცემული საიუბილეო"ვეფხისტყაოსნისთვის". 

    1937 წელს "ვეფხისტყაოსნის" საიუბილეო გამოცემისთვის შექმნა ილუსტრაციები სერგო ქობულაძემაც. 

    თამარ აბაკელიამ 1930 წელს დაასურათა "ვეფხისტყაოსანი".
    „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები ეკუთვნის ირაკლი თოიძესაც. მის მიერ დასურათებული პოემა 1937 წელს გამოიცა. 


    ფერმწერმა ლევან ცუცქირიძემ ილუსტრაციები 1960-იანი წლების შუა ხანებში შექმნა. 



    ერთ-ერთი ბოლო ილუსტრაციის ავტოარია ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. მან სულ 31 სურათი შეასრულა და მათზე მუშაობა 2011 წელს 
    დაასრულა. 

     

    დავით მაჭავარიანმა შექმნა კომიქსები, სადაც ეს გენიალური ნაწარმოები თანამედროვე სამყაროსთვის გაცოცხლა.












    სტატიის წყარო: bm.ge